ორშაბათი
2025-06-23
5:49 AM
 
B B C # [Q]!MeR /A/ PoT!
 
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | ფაილების კატალოგი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა
Block title
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები »

სიყვარული ამერიკაში(გაგრძელება,მათთვის ვინც კითხულობს)
2011-06-22, 8:34 PM

რაზე ვფიქრობდი უკან დაბრუნებული? რა თქმა უნდა, ძალაუნებურად, მასზე. ოთახში კომპიუტერი არ მქონდა, ბიზნეს-ცენტრში შეიძლებოდა იმეილის შემოწმება, მაგრამ ქვემოთ ჩასვლა დამეზარა. ნეტავ რა უნდოდა გიორგის? შხაპს მივიღებ და მერე ვიფიქრებ... ტელევიზორი ჩავრთე და სააბაზანოში შევედი. ცხელმა წყალმა მომთენთა. უკვე ღამის სამი საათი ხდებოდა, არ მეძინებოდა, მაგრამ სიამოვნებით ჩავწექი ჩემს გემრიელ საწოლში. მაინც რა იყო ეს - არაფერიც არ ყოფილა! ჩვეულებრივი გაცნობა, რომელსაც არაფერი მოჰყვება. მე გაგა მყავს. გაგა რომ არ არსებობდეს, მაინც აბსურდია ამ ადამიანზე ფიქრი, ალბათ ჩემზე ბევრად უფროსია, თუმცა ასაკი რა შუაშია... ჩამეძინა.
დილას, სამსახურში წასვლამდე, სასტუმროში ვისაუზმე. გარეთ ძალიან თბილოდა, მზე უკვე ამოსულიყო და ჰაერის დათბობა მოესწრო. სამსახურში მალე მივედი. ბრიფინგს მოვუსმინე, მერე კრებას დავესწარი. გვითხრეს, რომ პირველ და ორ იანვარს დასვენება იყო. ხვალ უკვე ახალი წლის ღამეა. მთელი ოთხი დღე ვარ თავისუფალი და წარმოდგენა არა მაქვს, რა უნდა ვაკეთო. უცებ საშინლად მომინდა სახლში, ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. გაგაააააააა! _ აღმომხდა სასოწარკვეთით. ჩემს ოთახში შევედი და იმეილი შევამოწმე. ახალი იმეილი არ იყო. საშინლად გავბრაზდი, ავიღე ტელეფონი და გაგას დავურეკე:
_ ალო?
_ ალო კი არა, რას ნიშნავს ის, რომ სულ სამსიტყვიან იმეილებს მწერ?!
_ ვაა, ლენუკ! როგორა ხარ, როგორ?
_ ისე, რა.
_ რა @ისე რა@, ამერიკაში შენ ხარ და "ისე რას” ამბობ?
_ ამერიკაში მე ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარაფერი უნდა მომწერო.
_ რომ მოგწერო, რა აზრი აქვს, მაინც ვერ ჩაგეხუტები.
_ ეგ აზრი როდის აქეთ ჩაიდე თავში?
_ რა, რეალობაა!
_ რეალობა სხვა რამეა.
_ რა?
_ ის, რომ მე მარტო ვარ ამ სიშორეზე და შენ იმეილის წერაც კი გეზარება.
_ კი მაგრამ, გუშინ შენ თვითონ არ მომწერე პასუხი.
_ იმიტომ, რომ შენი იმეილი სამი სიტყვით შემოიფარგლებოდა.
_ რა დაგემართა, ჩემო კარგო, ადრე არასოდეს ყოფილხარ ასეთი აგრესიული. ამერიკაში ხომ არ გაგაბრაზა ვინმემ? – გამეხუმრა გაგა.
_ არა, არა... მომიყევი როგორა ხარ? – უცებ მოვლბი მე. 
_ როგორ უნდა ვიყო, წახვედი მაგ ამერიკაში და დამტოვე მარტო ამ ახალ წლებზე. როგორ ვიქნები?
_ არა, მარტო მე ვარ, აქ. შენ შენიანებთან ერთად მაინც შეხვდები.
_ რას იზამ. არ ინერვიულო, სამი თვე მალე გაივლის.
_ კარგი, გკოცნი, უფრო გრძელი იმეილები დამიწერე ხოლმე, კარგი?
_ კარგი, ჩემო ძვირფასო.
_ ხვალ დაგირეკავ.
_ გაკოცებ.
_ მეც.
საღამოს სასტუმროში მივედი. გზაზე ჟურნალები, მექსიკური ჩიფსები და კოკა-კოლა ვიყი¬დე. სახლში პიჟამო ჩავიცვი და ტახტზე გემრიელად მოვკალათდი. ერთი საათი ვათვალიერე ჟურნალები და მივხვდი, რომ მშიოდა. ის იყო, უნდა წამოვმდგარიყავი, კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა. საჭვრეტში გავიხედე. კართან ის ბიჭი იდგა, სასტუმროებში "ვალეტს” რომ ეძახიან. კარი გავაღე. "ვალეტი” მიღიმოდა. ხელში საშუალო ზომის ყუთი ეჭირა. მომაწოდა _ გამოვართვი. 
_ ეს თქვენ, მემ!
_ რა არის? – შევეკითხე მას.
_ არ ვიცი, ქვემოთ ბიჭმა მოიტანა.
_ ვინ ბიჭმა? 
_ არ ვიცი, მემ.
_ დამელოდეთ, – ვუთხარი, სასწრაფოდ სა¬ფულე მოვძებნე, ხუთდოლარიანი ამოვიღე და მივაწოდე – მითხარით, როგორ გამოიყურებოდა ის ბიჭი?
_ ახლავე მემ, მოითმინეთ, ზუსტად გავიხსენო. ჰო, იასამნისფერი ჯინსი ეცვა, ზევიდან წითელი პერანგი და წითელი შალის პალტო. შეღებილი გრძელი, ყვითელი თმა ჰქონდა.
_ მატყუებთ, არა? – შემეცვალა სახე. 
_ არა, მართლა ასე გამოიყურებოდა. ჩვენ არასოდეს ვატყუებთ სტუმრებს. ერთ რამესაც დავამატებ, მემ _ მგონი ის ბიჭი "ცისფერი” იყო – დაბალი ხმით გამანდო საიდუმლო "ვალეტმა”.
_ კარგი, გმადლობთ, – ვუთხარი და კარი მივხურე.
ყუთი მაგიდაზე დავდე. სანამ გავხსნიდი, გავიფიქრე - "ნეტავ რა დევს ამ ყუთში?” ან ვინ შეიძლება ყოფილიყო ის "ცისფერი” ბიჭი? რას არ იფიქრებ ქალი, როცა საჩუქარს ხსნი? ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სასაცილო და ყველაზე მოულოდნელი საჩუქარი იყო. ყუთში რობერტ რედფორდის თოჯინა იჯდა. ხელში ბარათი ეჭირა: "გილოცავთ! ხვალ ახალი წელია! ოთხი ღამით ნიუ-იორკში ხომ არ წამობრძანდებით? პასუხისთვის, მხოლოდ რამდენიმე წუთი გაქვთ!” – ეს ყველაფერი ქართულად ეწერა. ჩემი ბუნებრივი რეაქცია არაბუნებრივი სიცილი იყო. არ მჯეროდა, რომ ამ ასაკში, კაცები ასე ირთობდნენ თავს. იმაზე, რაც ბარათში ეწერა, თავიდან ყურადღება არ გამიმახვილებია, უფრო თოჯინამ დამმართა ნამდვილი ისტერიკა. ესეც შენი რობერტ რედფორდი, – გავიფიქრე. უცებ შინაგანად ავფორიაქდი. რატომ მაინდამაიც მე? რატომ მეპატიჟება ბატონი რობერტი ნიუ-იორკში? ეს ფორიაქი დიდხანს გაგრძელდა. ამ შემოთავაზებაზე, რა თქმა უნდა, უარს ვიტყვი... უცხო კაცთან ერთად ნიუ-იორკში არ წავალ, ეგ ხომ მაინც ვიცი, დანამდვილებით. იმდენად ვიცნობ ჩემს თავს. ვიცი, არსად წამსვლელი არა ვარ. ამ ფიქრებში ვიყავი, ტელეფონმა რომ დარეკა.
_ ალო, გამარჯობათ, ქალბატონი ლენუ (ფრანგული აქცენტით წარმოთქვა ჩემი სახელი) ბრძანდებით?
_ გამარჯობათ, ბატონო რობერტ! – სიცილს ვერ ვიკავებდი, თან იმაზე ვფიქრობდი, საიდან მქონდა ამდენი სითამამე, რომ კაცს, რომელსაც თითქმის არ ვიცნობდი, აი, ასე ვეთამაშებოდი. 
_ პასუხი მჭირდება!
_ რისთვის?
_ იმისთვის, რომ ორი ნომერი დავჯავშნო. სასტუმროები ძალიან გადატვირთულია ნიუ-იორკში, ახალი წელია მაინც...
_ კი მაგრამ, მე არაფერი მომიფიქრებია.
_ რად უნდა იმას ბევრი ფიქრი, როდესაც ხვალ ახალი წელია და თან ნიუ-იორკი სულ რაღაც ხუთი საათის სავალზეა აქედან. 
_ არა, ეგ არაფერ შუაშია, ჩემთვის არ არის ადვილი... ეს ყველაფერი გაცილებით რთულია... 
_ რთული? მგონი უნდა დათანხმდეთ, თორემ ბატონი რობერტი განრისხდება და აღარსად დაგპატიჟებთ, – იცინოდა გიორგი.
ხმას არ ვიღებდი, ტელეფონი ლოყაზე მიმეყინა. 
_ კარგი, სიჩუმე თანხმობის ნიშანია. დილით გამოგივლი სასტუმროში, ათი საათისთვის, ქვემოდან დავრეკავ. მზად იყავი. ნიუ-იორკი მაგარი ქალაქია. ჩემი მეგობრები არიან იქ და საღამოს ახალ წელს მათთან ერთად შევხვდებით. ახლა კი წყნარად დაიძინე, ხვალ მგზავრობა გელის მაინც... – და ყურმილი დაკიდა. არა, ეს სიჩუმე არ ნიშნავდა თანხმობას, მე არა ვარ თანახმა! არ წავალ! სარკეში ჩავიხედე, ფერი არ მედო სახეზე. ღმერთო, როგორ ავირიე, მაგრამ როგორ მინდა ხვალ დილას მატარებელში ჩაჯდომა, ნიუ-იორკში გამგზავრება და არევა. ასე ხომ მარტო ფილმებში ხდება. ლამაზ ამერიკულ ფილმებში. მაგრამ არც ერთ ფილმში, არავინ და არსად არ დაუპატიჟია პატარა თოჯინას, რომელიც აგერ წინ მიდევს და ისე საწყლად მიყურებს, რომ მგონი, უარი არ უნდა ვუთხრა. არა! ეს არ არის ჩვეულებრივი შემოთავაზება. ეს არ ჰგავს იმას, როგორი ცხოვრებითაც მე ვცხოვრობ. ეს არ ჰგავს გაგას არც ერთ დაპატიჟებას, ან რომელიმე იმ ბიჭის დაპატიჟებას, ვისაც ადრე მოვწონებივარ ან მომწონებია. კი, მაგრამ მას მე არ მოვწონვარ! საიდან მოვიტანე?! არ შეიძლება მოეწონო ადამიანს, რომელთანაც სულ რაღაც ოთხიოდე საათი გაქვს გატარებული. მორჩა, მეტს აღარ ვიფიქრებ, ვერ წავალ! გადაწყდა! თან გაგას რას ვეუბნები? მას ხომ ჩემი საქციელი ნამდვილად არ მოეწონება? ასეთი რამის გამო, შეიძლება გაგა დავკარგო კიდეც, რატომ წავალ ისეთ რამეზე, რაც ჩემსა და გაგას ურთიერთობას საფრთხეში ჩააგდებს? ეს არ მოხდება... მაგრამ ზუსტად თხუთმეტ წუთში ჩემი ბორბლებიანი ჩემოდანი გამოვაგორე კარადიდან და ტანსაცმლის გაუთოებას შევუდექი. ამ სურვილს ვერაფრით მოვთოკავდი, მარტო იმიტომ, რომ არ მსურდა წინააღმდეგობის გაწევა... მერე კი საერთოდ ვეღარ დავიძინე. მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი. სადღაც ორი საათის ჩაძინებული ვიქნებოდი, ტელეფონმა რომ დარეკა. 
_ ლენუკ, ჩემო საყვარელო, გილოცავ. არ მოიწყინო, გთხოვ. შენი ხათრით ახალი წლის ღამეს სახლში ყოფნა და ტელევიზორის ყურება გადავწყვიტე... – მომაყარა გაგამ.
_ გაგა... როგორა ხარ? რომელი საათია? რას მილოცავ?
_ ახლა აქ ოთხი საათია, შუადღეა. გაგაღვიძე? დღეს 31 დეკემბერია. 
_ ჰო, გამაღვიძე.
_ მერე რა, რომ გაგაღვიძე? ჩემი გულისთვის, რომ გაიღვიძო, არაფერი გიჭირს. 
_ შენც გილოცავ, ბედნიერი იყავი!
_ შენთან ერთად, ლენუკ.
_ აჰა...
_ აუ, ნუ ხარ, რა, ასეთი მოწყენილი. ბოლოს და ბოლოს ახალ წელს ხომ არ მთავრდება ყველაფერი არა? პირიქით, ყველაფერი ახლა იწყება.
_ ჰო, მართალი ხარ, – გაგასთვის მინდოდა მეთქვა, რომ ახალი წლის შეხვედრა ნიუ-იორკში გადავწყვიტე...
_ ლენ, წავედი, გავიქეცი და აბა, ბედნიერ ახალ წელს, გკოცნი, მენატრები.
_ შენც ასევე, – მეტი ვეღარაფერი ვთქვი. 
ისევ ჩამეძინა. სულ მალე ისევ გამაღვიძა ტელეფონის ზარმა. 
_ დილა მშვიდობისა, ქალბატონო Hელენ! 
_ უკვე მოხვედი? 
_ არა, ჯერ მხოლოდ რვა საათია. 
_ აჰ...
_ იმიტომ გირეკავ, რომ შემთხვევით არ ჩაგეძინოს.
_ ჰო...
_ ათზე მანდ ვარ. ქვემოდან დავრეკავ.
_ კარგი. 
ავდექი და სააბაზანოში შევედი. საიდანაც ისეთი გამოფხიზლებული დავბრუნდი, რომ კანში ვერ ვეტეოდი. თმა გავიშრე, ჩავიცვი, წვრილმან ნივთებს თავი მოვუყარე და დავჯექი. ასე ვიჯექი და ტელეფონს დავყურებდი, სანამ არ დარეკა. 
_ ალო!
_ გელოდები, ქვემოთ ვარ.
_ ჩამოვდივარ, – ჩემოდანი და ჩანთა ავიღე და ოთახს საცოდავი მზერა მოვავლე. "ნეტავი უკვე დაბრუნებული ვიყო და მთელი ეს არეულობა უკან მქონდეს მოტოვებული”. – გავიფიქრე და ლიფტისკენ გავემართე. ის სკამზე იჯდა და ფოტოაპარატს უჩხიკინებდა. 
_ გამარჯობა, – დავუდექი წინ.
_ მზად ხარ მგზავრობისთვის? – მკითხა მან.
_ ისე რა! 
_ მომეცი ჩემოდანი. აპარატი დამიჭირე. წავედით. 
სასტუმროდან გამოვედით თუ არა, ისევ გამეყინა ყველაფერი. ასეთი გადაუწყვეტელი არასოდეს ვყოფილვარ. ერთი მომენტი ისევ ვიფიქრე, გიორგის ბოდიშს მოვუხდი და უკან დავბრუნდები-მეთქი, მაგრამ ვერ მოვახერხე. გვერდზე მივყვებოდი მამაკაცს, რომელსაც წესიერად არც ვიცნობდი, უფრო სწორად, საერთოდ არ ვიცნობდი. სად მივყვებოდი, ვიცოდი _ გადარეულ ქალაქში. მაგრამ არ მქონდა არანაირი წინათგრძნობა, რა შეიძლება მომხდარიყო იქ. აი, ასე ბრმად მივყვებოდი ჩემთვის უცნობ სილუეტს და რატომღაც ვენდობოდი მას. მატარებელში ცოტა დავწყნარდი, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. გიორგიც დუმდა. ბოლოს მკითხა:
_ ლენუ, რაღაც ხასიათზე ვერა ხარ, ჰო?
_ ჰო.
_ რატომ, მომიყევი რა მოხდა?
_ შენ მომიყევი მაგ ფოტოაპარატზე. "Nიკონ”-ს კარგი აპარატები აქვს. ერთხელ, მთაში ყოფნისას, იმდენი ფოტო გადავიღე, რომ ვათვალიერებ, ასე მგონია, ფილმს ვუყურებ ხოლმე. 
_ მოყვარული ხარ, თუ ნასწავლი გაქვს ფოტო საქმე?
_ არა, უბრალოდ, მიყვარს ფოტოების გადაღება.
_ მეც მოყვარული ვარ, მაგრამ ასე მგონია, მოწოდებით ფოტოგრაფი ვარ. 
ჩვენს გვერდით შავკანიანი გოგონა იჯდა, ხელში ბავშვი ეჭირა და ცდილობდა ეჭმია. უკან მჯდომმა ქალმა დაახლოებით ასჯერ დააცემინა. 
_ გადავსხდეთ – მითხრა გიორგიმ – მგონი, ამ ქალს ატიპური პნევმონია აქვს. 
სიცილით კინაღამ დავიხრჩვი. გიორგი შავ¬კანიან ბავშვს ეთამაშებოდა და ფოტოებს უღებდა, მე ვნერვიულობდი... ხუთი საათისთვის უკვე ნიუ-იორკში ვიყავით. მივედით სასტუმროში, _ 39-ე ქუჩაზე. ოთახების გასაღებები რომ მოგვცეს, განვცალკევდით. ცოტა დავისვენე, მერე კი ავფორიაქდი. რვა საათი გახდა, გიორგი არ რეკავდა. მე თვითონ ხომ არ დავურეკო? არა, მოცდა სჯობს. ჩემოდანი ამოვალაგე და საახალწლო კაბა სკამზე გადავფინე. ტელფონი არა და არ რეკავდა. ასე შესრულდა ათი საათი. მალე კარზე კაკუნი გაისმა:
_ ვინ არის?
_ ლენუ, მე ვარ.
_ შემოდი, – გავუღე კარი და თავი დავხარე, არ მინდოდა შეემჩნია, რომ მისი მოსვლა ასე გამეხარდა. 
_ მზად ხარ? 
_ რისთვის?
_ კლუბში მივდივართ. თორმეტის ნახევრისთვის იქ იკრიბებიან ჩემი ახლობლები. ჩაიცვი და ჩამოდი. ქვემოთ დაგელოდები.
_ კარგი, მალე ჩამოვალ. 
_ ნუ იჩქარებ, ჯერ დრო გაქვს, – ეს თქვა და გავიდა.
_ გიორგი! – მივაძახე გარეთ გასულს, – საშინლად კარგად გამოიყურები. 
_ მართლა? – თქვა და ლიფტის წინ დაკიდებულ სარკეში ჩაიხედა. კმაყოფილმა გაუღიმა საკუთარ თავს და პერანგის საყელო შეისწორა, – გმადლობთ. 
მარტო დავრჩი თუ არა, ხალათი გავიძრე და სკამზე გადაკიდებული კაბა ჩავიცვი. წითელი აბრეშუმის კაბა იყო. გაგას საყვარელი ფერია, – გავიფიქრე ჩემთვის. არა, ვერსად წავალ. მოდი, ბოდიშს მოვუხდი, ვეტყვი, რომ თავი ამტკივდა საშინლად.... სად ვარ? _ უცხო კაცთან ერთად ახალი წლის შესახვედრად მივდივარ, თან ნიუ-იორკში. ყველაფერი თითქოს სპონტანურად ხდება. სპონტანურად შეიძლება მაღაზიაში წახვიდე, გაისეირნო... რატომ მაინცდამაინც მე? როდის მივიღებ პასუხს ამ კითხვაზე. ეს კაბა ძალიან ლამაზია. ზუსტად ჩემს ტანზეა შეკერილი. ახლა ქვემოთ უნდა ჩავიდე, სადაც ის მელოდება. ქვემოთ რომ ჩავედი, გიორგიმ შემომხედა და მითხრა: 
_ იმიტომ ვიღიმები, რომ მომწონხარ.
_ გმადლობთ. 
_ წავედით.
რა უნდა იყოს ამ ქვეყანაზე იმაზე სამწუხარო, ახალი წლის ღამეს, წითელ კაბაში გამოწყობილი, მსოფლიოს ცენტრში, როცა გგონია ცა სადღესასწაულო ფეიერვერკების ელვარებისგან და გრუხუნისგან თავზე ჩამოგემხობა, _ ფეხები უკან გრჩება, შინაგან კანკალს ვერ აჩერებ და თავს ძლივს იკავებ, რომ არ მოწყდე ადგილიდან და არ გაიქცე. მაგრამ ახლა გაქცევა ყველაზე ბანალური და უაზრო საქციელი იქნება.... რაც არის - არის. სამ წუთში ნიუ-იორკის სადღესასწაულო აგრესიით შეპყრობილ მასას შევუერთდი და ბოლომდე ამ როლში შესვლა ვცადე. 
თორმეტს ათი წუთი აკლდა, კლუბ "ლოტუსში” რომ მივედით. იქ მყოფი საზოგადოება უკვე საახალწლო ნოტაზე დაგვხვდა აწყობილი. გიორგის მეგობრები: ესპანელი ცოლ-ქმარი, ამერიკელი პარტნიორი – ასევე ცოლით, ორი ფრანგი მარტოხელა მამაკაცი, და ჰოლანდიელი ქალი. 
_ Hაპპყ Nეწ Yეარ, Mისტერ Gეორგე! 
_ Hაპპყ Nეწ Yეარ, Mისტერ Aლეკჰანდრო! – ესპანელი წამოდგა და ხელზე მაკოცა – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. დღეს ნებართვა ავიღე, რომ ეს წვეულება ესპანური ტრადიციების დაცვით წარიმართოს. იმედია, არაფერი გექნებათ საწინააღმდეგო. 
_ მშვენიერია! გაიცანით Hელენ, ჩემი მეგობარი, – თქვა და თვალებში შემომხედა. ყველა იღიმოდა, ერთმანეთს ახალ წელს ვულოცავდით, კაცები შამპანურით სავსე ჭიქებს გვაწვდიდნენ, ალეხანდრომ პატარა ტომრები ჩამოგვირიგა, შიგ ჯინჯილები, საახალწლო წვიმებისგან გაკეთებული პარიკები, ნიღბები და ესპანური დასაკრავი ინსტრუმენტები ეწყო. ეს ყველაფერი წამში ჩამოვიცვით, დასაკრავები ავაჟღრიალეთ და შამპანურის ჭიქები მივუერთეთ ერთმანეთს. 
_ ორი წუთი დარჩა, – არ ცხრებოდა ესპანელი, – ყურძენი გამომართვით, 12 მარცვალი უნდა შეჭამოთ, საათის თითო შემოკვრაზე, თან 12 სურვილი ჩაიფიქროთ. 
ყურძენი ჩამოგვირიგა, რასაც ნამდვილი ქაოსი მოჰყვა. ყველა ყურძენს იტენიდა პირში და სიცილით იგუდებოდა. საათი კი რეკდა. 
_ გიორგი, დამეხმარე, 12 სურვილს ვერ ვიგონებ, - გამოტენილი პირით ვუყვიროდი მას.
_ ერთი მაინც ჩაიფიქრე, – ყვიროდა ისიც მთელ ხმაზე. 
_ მოიცა, _ თვალები დავხუჭე, დარჩენილი მარცვლები ერთად ჩავიტენე პირში და იმპროვიზებული (ანუ დამიქსული) საახალწლო სიმღერაც დაიწყო. 
_ გილოცავთ! გილოცავთ! ბედნიერ ახალ წელს! – ისმოდა ყველა მხრიდან. 
_ ლენუ, გილოცავ!
_ შენც გილოცავ! – ვუთხარი გიორგის და შამპანურის ჭიქა ბოლომდე დავცალე. 
_ ძალიან მსიამოვნებს შენი ყურება! – მითხრა მან.
_ მეც შენი, – ვუპასუხე, თან მივხვდი, რომ კაბის ფერი დამედო და სასწრაფოდ შამპანურის ჭიქა მოვიყუდე. 
_ გიორგი, ორ წუთში მოვბრუნდები. 
კარებისკენ გავემართე. გარეთ გავედი. ნიუ-იორკი ინგრეოდა. ცა ისე ქუხდა, ისე ნათდებოდა – ომი გეგონებოდა, მაგრამ ეს არ იყო ომი, ეს ის დღესასწაული იყო, რომელსაც მთელი ტანით და გულით ვგრძნობდი, რომელიც მეგონა, მარტო მე მეკუთვნოდა და რომელიც, აღარასოდეს აღარ განმეორდებოდა. ქუჩა გადავკვეთე და გავჩერდი. ჩემი თავისთვის ორი სიტყვა მქონდა სათქმელი. მინდოდა, ის შინაგანი გაყინულობა, ის ფეხებში კანკალი, ის თვითუკმაყოფილების გრძნობა აღარასოდეს განმეორებულიყო. მეზიზღებოდა ეს კითხვა: "რატომ მე?” ბავშვობიდან სულ რაღაცას ვებრძოდი ჩემში. სკოლაში ვებრძოდი ჩემს თავს – არ მომწონებოდა უკანა მერხზე მჯდომი ბიჭი, რომელიც ოთხი წელი ზედაც არ მიყურებდა. ბოლოს გვირილები მომართვა და მითხრა – "ელენე, მე შენ მიყვარდი და ახლაც მიყვარხარ”-ო. მახსოვს ძალიან გავბრაზდი, გვირილები სახეში მივაყარე და გამოვიქეცი. სახლში რომ მოვედი, სარკის წინ დავჯექი, თმის ვარცხნა დავიწყე, საკუთარი თავით ვტკბებოდი. მსიამოვნებდა ის, რაც მოხდა. "თურმე ოთხი წელია ვუყვარვარ, მე კი არც მიყვარს, არც მომწონს.” – ასე მოვიკალი პირველი სიყვარული და გადავყარე პირველი ყვავილები, რომელიც უკანა მერხზე მჯდომმა ბიჭმა მაჩუქა. მას მერე სულ რაღაცას ვებრძოდი, არასოდეს მჯეროდა, რომ ყვავილები, რომელსაც მჩუქნიდნენ, ჩემთვის იყო დაკრეფილი და რომ სიტყვები, რომელსაც მეუბნებოდნენ, ჩემს გასაგონად იყო ნათქვამი. ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა საკუთარ თუ სხვის გრძნობებში... "ამ წუთიდან მარტო კარგზე ფიქრის უფლება გაქვს!”– ვუთხარი ჩემს თავს და კლუბისკენ წავედი. ეს ემოციური შემოტევა მეტწილად შამპანურის ბრალი იყო ალბათ, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობდი. მთავარი იყო ის შემესრულებინა, რასაც ჩემს თავს დავპირდი. როგორც კი დამინახა, მკითხა:
_ სად დადიხარ, მარტო ამ შუაღამისას? 
_ ფეიერვერკებს ვუყურებდი. გილოცავ! – ვუთხარი ყურში და ვაკოცე. 
_ მეც გილოცავ! ეს წელი ძალიან კარგი იქნება ჩვენს ცხოვრებაში! ნახავ! 
ესპანელმა საცეკვაოდ გამიწვია. მალე მთელი სუფრა ადგა და შემოგვიერთდა. ის კი მარტო იჯდა, გვიყურებდა, ტაშს გვიკრავდა და ფოტოებს გვიღებდა. გიორგის თვალს ვერ ვაშორებდი, იმდენად მომწონდა, შორიდან ვტკბებოდი მისი გარეგნობით. თავი სავარძელზე ჰქონდა მიბჯენილი და საცეკვაო მოედანს მიშტერებოდა. მომეჩვენა, თითქოს ცოტა მოწყენილი იყო. ღრმა თვალებიდან სევდა მოჩანდა, თითქოს რაღაც აწუხებდა და საშუალებას არ აძლევდა ახალი წლის ღამეს მშვიდად და მხიარულად ყოფილიყო. უცებ გავიაზრე, რომ ეს კაცი ალბათ ორმოც წელს გადაცილებული მაინც იქნებოდა და ალბათ ფარული სევდის მიზეზიც მისი ასაკი იყო, ამ აზრმა თითქოს დამამშვიდა და ცოტა ხანში მივუახლოვდი.
_ ლენუ, მინდოდა რამე საოცარი გამეკეთებინა, გესმის?
_ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია, თუ ამას ძალიან მოინდომებს ადამიანი.
_ შენ სხვანაირი გოგო ხარ, რაღაცნაირი. 
_ შენ კი, არ ვიცი როგორ გითხრა, იცი როგორი ხარ? მრცხვენია... მაგრამ გეტყვი, მოიცა... შენ ის კაცი ხარ, რომელსაც ყველაზე მიმზიდველი გარეგნობა აქვს... მთელს მსოფლიოში.
_ ლენუ დათვრაააა! – თქვა გიორგიმ.
_ და მაინც ხააააარ! 
_ იმედია, აქედან ზურგზე აკიდებული არ მომიწევს შენი წაყვანა. 
_ წავედით, სანამ სიარული შემიძლია! ადექი!
_ მოიცა, ისინი ცეკვავენ! დაველოდოთ!
_ ისინი ჩვენ ვერ გვხედავენ, დამიჯერე. წამოდი, გავისეირნოთ სუფთა ჰაერზე. 
გიორგი წამოდგა, საცეკვაო მოედანზე გავიდა და ესპანელს რაღაც ჩასჩურჩულა. ის პასუხად ჩაეხუტა. მერე ჩემთან მოვიდა. 
_ აბა, მითხარი, აგიყვანო ხელში?
პალტოები ჩავიცვით და გარეთ გამოვედით. ფეიერვერკების ხმა აღარ ისმოდა. საშობაო ნათურები ისევ ანათებდა. მაღაზიების და კაფეების ვიტრინები საზეიმოდ იყო გაწყობილი. რომ არა ეს ვიტრინები და ქუჩაში მიმოყრილი საახალწლო ატრიბუტები, უკვე ვერავინ მიხვდებოდა, რომ დღესასწაული იყო. 
_ ლენუ, ერთი რაღაც უნდა გითხრა. ჩემთვის მთავარია, ადამიანისგან სითბოს ვგრძნობდე!
_ აჰა, – ვუთხარი და იქვე რომელიღაცა სახლის სადარბაზოს კიბეზე ჩამოვჯექი. – ცოტა დავისვენოთ, კარგი? 
ვიჯექი კიბეზე და ქუჩას გავყურებდი, ეს რეალობა იმდენად უჩვეულო იყო, რომ არანაირი წარმოდგენის ჩარჩოებში არ ეტეოდა. ჩვენ ვიყავით პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქუჩაზე, რომელიც დღეს ალბათ მილიონმა სულიერმა გადაიარა. წინ ჩემგან სრულიად განსხვავებული ადამიანი იდგა. ნეტავ რა იქნებოდა, ის კონვერტი რომ არ ჩამომეტანა? ალბათ, მსგავსი შეხვედრა მხოლოდ შემდეგ ცხოვრებაში მელოდა. ის აი, აქ დგას და მიყურებს. ალბათ, იმიტომ, რომ უკეთ გაიგოს, საიდან ვარ, რისგან ვარ გამოძერწილი. ჩვენ ხომ ჯერ სულ უცხონი ვართ ერთმანეთისთვის. 
_ რას ფიქრობ, მითხარი! _ მკითხა გიორგიმ.
_ არ ვიცი... 
_ მაშინ მითხარი, რას არ ფიქრობ.
_ რა შეიძლება მოხდეს მომავალში. 
_ მაგაზე არ ფიქრობ?
_ არა.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ მომავალი ისეთი მშვენიერი რამაა, რომელიც წინასწარ არ ვიცით, რას გვიმზადებს.
_ ლენუ, შენ ხარ ლოთი! – გამეხუმრა გიორგი, – დათვერი, არა და ახლა სადღეგრძელოებს ამბობ.
_ რა, არ მეთანხმები? 
_ მაგაზე მერე ვილაპარაკოთ, რაზე გეთანხმები და რაზე არა. ახლა კი, ის მინდა, რომ სახლში მშვიდობით მიგიყვანო. 
_ კარგი რა, რა მშვიდობა აგიჩემებია, ვერ გავიგე, ომში ვართ?
_ ლენუუუ! ნუ ჯიუტობ, წავედით.
გიორგიმ სასტუმროსკენ თითქმის ძალით წამიყვანა. არ მესმოდა, რატომ უნდოდა ჩემი ასე სწრაფად სახლში მიყვანა? მაგრამ, რა მექნა, მორჩილად მივყვებოდი, ფეხი მერეოდა, ვცდილობდი, როგორმე არ შეემჩნია. როგორც იქნა მივაღწიეთ სასტუმრომდე. გიორგიმ ლიფტიდან გამოსვლა არ ისურვა, მხოლოდ თავი გამოყო გარეთ და მითხრა:
_ ლენუ, გიყურებ, როგორ შეხვალ ოთახში! 
_ გმადლობთ, ბედნიერ ახალ წელს გისურვებ! 
_ შენ კი _ ტკბილ სიზმრებს....
ბარბაცით მივედი ნომერთან, კარში გასაღებს ვერ ვარჭობდი, ცალი თვალი ლიფტისკენ გამირბოდა, საიდანაც გიორგი მიყურებდა და მიღიმოდა, ეტყობა, სასაცილო მოძრაობებს ვაკეთებდი. როგორც იქნა, შევედი ოთახში და საწოლზე გავიშხლართე. ძალიან მალე ჩამეძინა, ყველაფერი მიტრიალებდა თავში, ისე როგორც კარუსელი ტრიალებს ხოლმე, ყველაზე მეტად კი ის აზრი, რომელმაც ასეთ მდგომარეობაში მყოფიც კი არ მომასვენა, და ახალი წლის დილას თერთმეტის ოც წუთზე წამომაგდო საწოლიდან. რატომ მომიყვანა მან ასე მალე სახლში, რატომ არ უნდოდა კიდევ გვესეირნა, ან სადმე ბარში გაგვეგრძელებინა ეს ღამე?! იმიტომ რომ დავთვერი?! ნუთუ ისეთი გონებადაკარგული ვეგონე, რომ ჩემთან მარტო დარჩენის შეეშინდა?! არასოდეს ვყოფილვარ ასეთი მთვრალი... ამ ფიქრებში ვიყავი, რომ უცებ ტელეფონმა დარეკა. 
_ წავედით, "პახმელიაზე” უნდა გამოგიყვანო, – იცინოდა გიორგი. 
_ "პახმელიაზე” არა ვარ, არც ვყოფილვარ არასოდეს, – ვუპასუხე გაბრაზებული ხმით. 
_ არ გშია? უკვე ერთი საათია გამეღვიძა და თავს ვიკავებდი დარეკვისგან, ვიცოდი, გეძინა.
_ არ მეძინა. 
_ წავიდეთ რა, ვჭამოთ, ოღონდ ახლავე. 
_ აქვე ვჭამოთ, სასტუმროში. 
_ არა, არა, ჩაიცვი და ჩამოდი, თხუთმეტი წუთი გაქვს, ქვემოთ დაგელოდები.
ძალიან უცნაური ადამიანია, გავიფიქრე ჩემთვის და ჯინსი ამოვიცვი. მერე აბაზანაში შევედი, პირი დავიბანე და სარკეში ჩავიხედე. რატომღაც დამშვიდებული და დასვენებული სახე მქონდა. ჯინსს ჭუჭყიანი ვარდისფერი სვიტრი შევუხამე, ფეხი კეტებში ჩავყავი და ქურთუკი მოვიცვი. მერე სათვალე და გასაღები მოვნახე და ქვემოთ ჩავედი. მალე გიორგიც გამოჩნდა და გარეთ გავედით. ნიუ-იორკის სუსხმა სახე მომიყინა. ქუჩაში ცოტა ხალხი იყო. ბარებს ალაგებდნენ, ფანჯრებს რეცხავდნენ, ქუჩების დასუფთავება მოესწროთ და ახლა დიდი მანქანები რწყავდნენ ფართო ავენიუებს. მე და გიორგი ფეხით გავუყევით 39-ე ქუჩას. გვერდზე მათხოვარი ბიჭი მოგვყვებოდა, მხარზე უშველებელი მუსიკალური ცენტრი ჰქონდა გადებული, დადიოდა და ბოლო ხმაზე ასმენინებდა ხალხს თავისი გემოვნების შესაფერ საშინელ მუსიკას, ცალ ხელში კონსერვის ქილა ეჭირა და გაწეული "შემეცნებითი” სამსახურისთვის მოწყალებას აგროვებდა. გიორგიმ ხურდა ჩაუყარა და ტაქსიც მოვიდა. 
_ რა საშინელი შეგრძნებაა, როცა დღესასწაული მთავრდება და ეს ნაძვისხეები და ქუჩის დეკორაციები, მხოლოდ იმისთვისაა მზად, რომ, რაც შეიძლება მალე აალაგონ და სადღაც საწყობებში შეყარონ. 
_ ჰო მაგრამ, სულ რომ გარეთ იყოს ეს ყველაფერი გამოფენილი, მაშინ ხომ თავის ფუნქციას დაკარგავდა. 
_ ეგ კი ვიცი, მაგრამ უბრალოდ, არ მიყვარს, როდესაც ის, რასაც ელოდები, ჩაივლის და მერე ჩვეულებრივი ცხოვრება გრძელდება.
_ ეგ, ალბათ, არავის უყვარს. ჩვეულებრივ ცხოვრებას რაც შეეხება, მაგაში ვერ დაგეთანხმები. მაგალითად, ასეთი პირველი იანვარი ჩემთვის სულაც არ არის ჩვეულებრივი, – მითხრა მან – შენთვის?
_ ჰო, ეს პირველი იანვარი ძალიან განსხვავდება, იმ პირველი იანვრებისგან, რომლებიც აქამდე მქონია.
მალე ჩვენი ტაქსი ნამდვილ ამერიკულ კაფესთან გაჩერდა. ბორდოსფერი დიდი სავარძლები იდგა, კედლებზე ელვის პრესლის, მერლინ მონროს, ჟაკლინ და ჯეკ კენედების, ფრენკ სინატრას და სხვა გამოჩენილი ამერიკელების შავ-თეთრი ფოტოები ეკიდა. ერთი სიტყვით, ტიპური ამერიკული კაფე იყო. თეთრი ფარდებიდან დილის მზე აჭერდა, თეთრებში ჩაცმული ოფიციანტი მოგვიახლოვდა და ახალი წელი მოგვილოცა.
კატეგორია: | დაამატა: chachi
ნანახია: 504 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 shtakera  
0
evil evil evil evil evil dollar dollar dollar bash bash bash bash ar gazezara amxelas wera sgsgsgsg magaria

სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2025